40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, კანადა და იაპონია, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების (ICBM), წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტების (SLBM) და კოსმოსური გამშვები საშუალებების (SLV) გაშვების შესახებ წინასწარი შეტყობინების გავრცელებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ქვეყნებმა ჟენევაში გამართულ განიარაღების კონფერენციის შეხვედრაზე გაავრცელეს.

მათი განმარტებით, ერთ-ერთ ასეთ მექანიზმში, ბალისტიკური რაკეტების გავრცელების წინააღმდეგ ჰააგის ქცევის კოდექსში, 145 ქვეყანაა ჩართული.

„მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს, რომლებიც უშვებენ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს, წყალქვეშა ნავებიდან გასაშვებ ბალისტიკურ რაკეტებს და კოსმოსურ გამშვებ საშუალებებს, ასეთი გაშვების შესახებ შეტყობინება მინიმუმ 24 საათით ადრე გაავრცელონ. შეტყობინებები უნდა მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ბალისტიკური რაკეტის ან კოსმოსური გამშვები საშუალებების ზოგადი კლასი, გაშვების არეალი და დაგეგმილი მიმართულება. ქვეყნებმა ასევე უნდა მიაწოდონ მკაფიო შეტყობინებები მფრინავებსა და საზღვაო ქვეითებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რისკის შესამცირებლად, მათ შორის მოსალოდნელი ზემოქმედების ან დაშვების არეალში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქვეყნების განცხადებით, რეგულარული და გამჭვირვალე შეტყობინების მექანიზმები არცერთი ქვეყნის სამხედრო განვითარებასა და ოპერატიულ საჭიროებებს არ ზღუდავს. მათი შეფასებით, ასეთი მექანიზმები შეცდომების რისკს ამცირებს, ნდობას აძლიერებს და უსაფრთხოებისადმი საერთო ვალდებულებას ასახავს.

„ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით ყველა ქვეყანასთან თანამშრომლობისადმი, რათა გავაძლიეროთ შეტყობინების მექანიზმების განხორციელება და გავაფართოოთ მათი მოქმედების ფარგლები, ასევე პასუხისმგებლობა დავაკისროთ ნებისმიერ სახელმწიფოს, რომლის ქმედებებიც მის პასუხისმგებლობებთან შესაბამისობაში არ მოდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.