ჯეი დი ვენსის თხოვნის შემდეგ, უკრაინამ იმ ტანკერებზე დარტყმები შეაჩერა, რომლებიც ნოვოროსიისკის პორტით სარგებლობენ, – ინფორმაციას Financial Times-ი (FT) წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმების შეჩერება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 31 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში პირადად სთხოვა.
ჯეი დი ვენსმა ზელენსკის მიმართა თხოვნით, რომ უკრაინას შეეწყვიტა იმ ტანკერებზე დარტყმები, რომლებსაც ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის პორტში, კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალში, ნედლი ნავთობი გადააქვთ.
FT-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეშფოთებული იყო, რომ ნავთობტანკერებსა და კასპიის მილსადენის კონსორციუმის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაგრძელება ნავთობის გლობალური ბაზრების სტაბილურობასა და ამერიკული კომპანიების ინტერესებზე უარყოფითად აისახებოდა.
ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, უკრაინა დათანხმდა, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ინფრასტრუქტურასა და არარუსულ ტანკერებს არ დაარტყამს. გამონაკლისი იქნება შემთხვევები, როდესაც ტანკერი უკრაინის სანქციების ქვეშ იმყოფება ან რუსულ ნავთობს გადაიტანს.
„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ძალიან ყურადღებით ვუსმენთ“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.