„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან იმ ფაქტის დადასტურებას გამოეხმაურა, რომ ქართულმა ბიზნესმა აფხაზეთში საწვავი შეიტანა.
ფარულავას განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე საწვავის დეფიციტის ფონზე, ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმს ეხმარება და ეს, მისი შეფასებით, ეროვნული ინტერესების ღალატია.
„ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საწვავის დეფიციტის ფონზე საოკუპაციო რეჟიმისთვის მთავარ მაშველ რგოლად გვევლინება. ეს მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია კი არა, ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია“, – განაცხადა ფარულავამ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხრიდან ოკუპაციის შესახებ კანონზე საუბარი ცინიზმი და ფარისევლობაა.
„ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა უბადრუკი პაექრობა გამართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, პუტინის პირად ტყვესთან, მიხეილ სააკაშვილთან. ადამიანთან, რომელმაც ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა, ჩაბნელებული საქართველო გაანათა და რუსული აგრესიის დროს ქვეყანა გადაარჩინა. მაშინ მის გვერდით რუსთაველის გამზირზე ევროპის ხუთი პრეზიდენტი იდგა.
„ოცნება“ არის რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილის აჩრდილისაც კი ეშინია და ამავდროულად, გვეუბნება, რომ რუსეთს „ოკუპანტსა“ და „მტერს“ თუ ვუწოდებთ, ეს თურმე რუსოფობიაა.
ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საწვავის დეფიციტის ფონზე საოკუპაციო რეჟიმისთვის მთავარ მაშველ რგოლად გვევლინება. ეს მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია კი არა, ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია.
ამ ყველაფრის ფონზე კობახიძე აცხადებს, რომ საწვავის მიწოდება ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით ხდება. იგივე კობახიძე იყო ის ადამიანი, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი გავრილოვს დაუთმო, რასაც მასობრივი პროტესტი და ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკი დარბევა, მათ შორის ადამიანებისთვის თვალების დათხრა მოჰყვა.
კობახიძის მხრიდან ოკუპაციის კანონზე საუბარი არის ცინიზმი, ფარისევლობა და ეროვნული ინტერესების ღალატი“, – აღნიშნა ფარულავამ.
ცნობისთვის, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. მისი განმარტებით, საწვავი აფხაზეთში ხელისუფლებას არ შეუტანია და ის ბიზნესმა, კანონის დაცვით, შეიტანა.