ოდესის ოლქში სამგზავრო მატარებელზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც „უკრაინის რკინიგზა“ იუწყება, რუსული რეაქტიული ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაეჯახა.

კომპანიის ინფორმაციით, დაღუპულები მატარებლის მემანქანე და მისი თანაშემწე არიან.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის სამიზნე ოდესა-დნიპროს მიმართულებით მოძრავი მატარებელი გახდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი რკინიგზის სადგურში შედიოდა, რათა საჰაერო განგაშის დროს მგზავრებს მატარებლის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

„მიუხედავად საფრთხისა, ლოკომოტივის ეკიპაჟი აგრძელებდა მატარებლის მართვას, რათა 340 მგზავრს ვაგონების უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა ჰქონოდათ“,- ნათქვამია „უკრაინის რკინიგზის“ განცხადებაში.