ნატო-ს საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში მოქმედმა გამანადგურებლებმა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ლატვიის, საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას Reuters-ი ლატვიის შეიარაღებული ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გააუქმა საჰაერო საფრთხის შესახებ განგაში რუსეთთან ახლოს მდებარე რეგიონებისთვის. ლატვიის შეიარაღებულ ძალებს დრონის ან მისი წარმომავლობის შესახებ დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია.
ფინეთმა, ევროკავშირისა და ნატო-ს კიდევ ერთმა წევრმა ქვეყანამ, რომელიც ასევე ესაზღვრება რუსეთს, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში დროებით შეზღუდა ავიაციისა და საზღვაო მიმოსვლის ზონები.
ქვეყნის თავდაცვის ძალების განმარტებით, აღნიშნული ქმედება შესაძლო დრონებისგან თავის დასაცავად პრევენციული ზომის სახით განხორციელდა.