საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საელჩო ახლად დანიშნული ელჩის კომენტარსაც ავრცელებს.

„არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება“, – აცხადებს ბარბარა ფოსი.

გერმანიის საელჩო ასევე აქვეყნებს ბარბარა ფოსის ბიოგრაფიას.

ბარბარა ფოსი 2026 წლის აგვისტოდან საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზეა დანიშნული.

2023-2026 წლებში ის გერმანიის გენერალურ საკონსულოში კალკუტაში, ინდოეთში, გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა.

2019-2023 წლებში ფოსი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბერლინში, მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.

2015-2019 წლებში ის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით მუშაობდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

2012-2015 წლებში ბარბარა ფოსი გერმანიის საელჩოში ისლამაბადში ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებდა.

2009-2012 წლებში ის გერმანიის საელჩოში თელ-ავივში კონსული იყო.

2006-2009 წლებში ფოსი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილებაში მუშაობდა, ხოლო 2005-2006 წლებში საგარეო უწყების მაღალი რგოლის თანამდებობისთვის ემზადებოდა.

1996-2005 წლებში ის გერმანიის საელჩოებში ლაგოსსა და დარ-ეს-სალამში, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლობაში გაეროში, ნიუ-იორკში, მუშაობდა.

1992-1996 წლებში ბარბარა ფოსი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბონის ოფისში პოლონეთთან, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებთან ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტში მუშაობდა.

1986-1992 წლებში მან სწავლა ფედერაციის უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით გაიარა.

შეგახსენებთ, მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი იყო. მან საქართველო 2026 წლის ივნისის ბოლოს დატოვა, რადგან მისი დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.