თბილისში 14 აგვისტოს ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართული არიან მერიის შესაბამისი სამსახურების, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
მერიის ცნობით, პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. გაწმენდისა და ამოტუმბვის სამუშაოები ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს.
„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები გადანაწილებული არიან იმ პრობლემურ ლოკაციებზე, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სპეციალური მძიმე ტექნიკა და თანამშრომლები.
პარალელურად, მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელებისა და ჭების გაწმენდა. ასევე, მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა სავალი ნაწილის ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან გაწმენდა.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, გიორგი პაპავას განცხადებით, უხვმა ნალექმა თბილისის ათივე რაიონში შექმნა პრობლემა, განსაკუთრებით კი ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში.
მისი თქმით, გზის სავალ ნაწილებზე ქვა-ღორღია ჩამოტანილი და გაწმენდით სამუშაოებში 500-ზე მეტი თანამშრომელი და 30 ერთეული ტექნიკაა ჩართული.
მერიის ინფორმაციით, ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონები. დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები, ხოლო ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის N21-ში, გრუნტის დამჭერი კედელი ჩამოიშალა.
ქალაქის სხვადასხვა უბანში დაიტბორა ქუჩები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია.
ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩაზე, მიწის მასა ჩამოიშალა და ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსულიან ოჯახს ნაძალადევის გამგეობამ დროებით ალტერნატიულ ფართში გადასვლა შესთავაზა.
მერიის ცნობით, სხვადასხვა უბანში რამდენიმე შენობის ფასადზე ბათქაშიც ჩამოიშალა. ბახტრიონის ქუჩაზე კი ავტომობილები ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოჰყვა.
რაც შეეხება ლეღვთახევს, მერიის ინფორმაციით, ადიდებული მდინარე უკვე თავის ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და ტერიტორიის გაწმენდა უახლოეს დღეებში მოხდება.
თბილისის მერიის წარმომადგენლები ადგილზე მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ და სალიკვიდაციო სამუშაოებში სრულად არიან ჩართული. მერიის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება მყისიერად ხდება.
საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 032 2 72 22 22 – დაკავშირება შეუძლიათ.