შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულთაგან 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ასევე, გამოძიების ფარგლებში დგინდება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი მართლსაწინააღმდეგოდ დაისაკუთრა.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ბრალდებულების დანაშაულებრივ ქმედებებს ადასტურებს.
პოლიციამ ხუთივე არასრულწლოვანი ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.