აშშ-ის მიჩიგანის შტატში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მიჩიგანის შტატის მისოუკის ოლქში მდებარე ერთ-ერთ სახლში სროლის შესახებ შეტყობინება მიიღო. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე სამი ადამიანის ცხედარი და ერთი დაჭრილი პირი აღმოაჩინეს. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილმა, 39 წლის ჩად ჰიკმენმა, შემთხვევის ადგილი ოფიცრების მისვლამდე დატოვა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა.

ძებნის ოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთ მისამართზე მეოთხე გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს.

მოგვიანებით, პოლიციამ ეჭვმიტანილის ავტომობილი უიტლოკის ტბასთან იპოვა. ავტომობილთან თავად ჩად ჰიკმენისა და კიდევ ერთი ადამიანის ცხედრები აღმოაჩინეს.

მიჩიგანის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.