საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს.
ამის შესახებ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ოთხ მოქალაქესთან ერთად თაღლითურ დანაშაულებრივ ჯგუფს წარმოადგენდა, საქართველოში დროებით მყოფ თურქეთის მოქალაქეს 14 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დაპირება ვერ შეასრულა.
როგორც ემზარ გაგნიძე აცხადებს, დაზარალებულს ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა გასული ჰქონდა, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისთვის ცნობილი იყო. მოგვიანებით, დაკავებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თურქეთის მოქალაქეს დაუკავშირდნენ და 3000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნაში დახმარება შესთავაზეს.
კერძოდ, მათი ინფორმაციით, აღნიშნული პირის პირადობის მოწმობის გამოყენებით, საზღვრის რეალური კვეთის გარეშე, „პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ფორმაში“ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორმხრივი კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური შტამპები განათავსეს.
რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, გამოძიების ინფორმაციით, საქართველოში დროებით მყოფ თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა გასული ჰქონდა. საქართველოს მოქალაქე მას 4000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საზღვარზე გაყვანასა და შემდგომ უკან შემოყვანას დაჰპირდა, ისე, რომ საქართველოში მისი ყოფნის ვადა კანონიერად გაგრძელებულიყო.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა დაპირება ვერ შეასრულა, თუმცა თანხის ნაწილი მაინც მოითხოვა და მიიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, 19.180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.