ევროპას გაცილებით ღრმა სამხედრო ინტეგრაცია და მუდმივი „ევროპული ლეგიონის“ შექმნა სჭირდება, რომელიც ნატო-ს შეავსებს და რომლის შემადგენლობაში უკრაინელი ვეტერანების ჩართვაც იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ გამოცემა Kathimerini-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სიკორსკის თქმით, შეერთებული შტატები კვლავ რჩება კოლექტიური თავდაცვის შეუცვლელ საყრდენად და ევროპას უნიკალურ ტექნოლოგიურ და სადაზვერვო შესაძლებლობებს მიაწვდის, თუმცა უშუალოდ ადგილზე ძირითადი სამხედრო სამუშაო ევროპამ უნდა შეასრულოს.

„მე მტკიცედ ვუჭერ მხარს „ევროპული ლეგიონის“ შექმნას – მიზანმიმართულ მუდმივ ძალას, რომელსაც შეეძლება უფრო ფართო ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნებიდან გამოცდილი პროფესიონალების, მათ შორის, ომის შემდეგ ბრძოლის გამოცდილების მქონე უკრაინელი ვეტერანების რეკრუტირება“, – განაცხადა სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ნატო-ს ალტერნატივის შექმნას ან ალიანსის არსებული სტრუქტურების დუბლირებას არ გულისხმობს. მისი თქმით, მიზანი ნატო-ს ფარგლებში ევროპის უფრო ძლიერი სამხედრო საყრდენის შექმნაა.

სიკორსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე. მისი განცხადებით, რუსეთი ევროპული საზოგადოებების წინააღმდეგ აქტიურ ჰიბრიდულ ომს უკვე აწარმოებს, მათ შორის დივერსიების, დეზინფორმაციის, კიბერთავდასხმებისა და პროვოკაციების გზით.

მისივე თქმით, რაც უფრო ცუდად ვითარდება რუსეთისთვის ვითარება უკრაინის ბრძოლის ველზე, მით უფრო აგრესიულად ცდილობს კრემლი დასავლეთის დესტაბილიზაციას.

რუსეთის აგრესიის დასასრულებლად მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევაზე საუბრისას სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერი გრძელვადიანი შეთანხმება უკრაინის მონაწილეობის გარეშე მდგრადი ვერ იქნება.

„ჩვენს რეგიონში ნებისმიერი გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინელების მხარდაჭერის გარეშე ვერ დამყარდება. ეს უნდა იყოს მშვიდობა, რომელსაც რეალურად კიევი და მოსკოვი მოაწერენ ხელს“, – განაცხადა სიკორსკიმ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპამ, განსაკუთრებით კი პოლონეთმა, წამყვანი როლი უნდა შეასრულოს, რადგან ევროპელები ყოველდღიურად ხდებიან რუსეთის მხრიდან განხორციელებული ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნეები.