საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის,   ირაკლი ღარიბაშვილის   მიერ გავრცელებულ ინფორმაციას   მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „სრულ აბსურდს“ უწოდებენ.

“სრული აბსურდი, რაც   ირაკლი ღარიბაშვილმა  გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა”, – ციტირებს „რუსთავი 2“  მამუკა მდინარაძის პრესსამსახურის კომენტარს.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა,  ციხიდან წერილი გაავრცელა. წერილში   ირაკლი  ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უარი თქვა სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გაყვა მისთვის „გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დაეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები”, სანაცვლოდ მიიღო „დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა“. ღარიბაშვილის მტკიცებით, მან ივლისში მიიღო წერილი   მამუკა მდინარაძისგან   და იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე უარი თქვა, გუნდმა 1%-იანი რისკის გამო კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა. ექსპრემიერი ამბობს, რომ ეს იყო „წითელი ხაზი“ და დასძენს: „რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“.   შეგახსენებთ, მანამდე, ერთი დღით ადრე,  ირაკლი ღარიბაშვილმა   გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება  ბიძინა ივანიშვილს   და მთელ ხელისუფლებას“.