უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის დროს უკრაინულმა ძალებმა ფრთოსანი რაკეტების დაახლოებით 90% ჩამოაგდეს, თუმცა ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით მდგომარეობა „გაცილებით უარესადაა“. მისივე თქმით, უკრაინას პარტიორებისგან „პეტრიოტის“ სისტემისთვის რაკეტები სჭირდება. „კიევსა და რეგიონში – ბორისპილში, ბროვარიში – რუსული დარტყმის შემდეგ სამუშაოები გაგრძელდა. ეს იყო კომბინირებული დარტყმა: ბევრი ბალისტიკური რაკეტა, ფრთოსანი რაკეტები, იყო დრონები. სამწუხაროდ, ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა ამჟამად ყველაზე რთულია. თუ ამ დარტყმის შედეგად ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტების პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 90%-ია, მაშინ ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით სიტუაცია გაცილებით უარესია. ჩვენ გვჭირდება რაკეტები „პეტრიოტებისთვის“, ეს არის ის, რისი უზრუნველყოფაც მხოლოდ ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ“, – განაცხადა ზელენსკიმ. მან იქვე აღნიშნა, რომ უკრაინას საჩუქრები არ სჭირდება და შეუძლია, შეირაღება თავად შეიძინოს. „ჩვენ არ ვსაუბრობთ საჩუქრებზე. საქმე ეხება უკრაინის მზადყოფნას, შეიძინოს იარაღი. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს გადაწყვეტილებები – შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები პარტნიორებისგან და, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებისგან. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ნამდვილად ეხმარება უკრაინას თავის დაცვასა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 20 აგვისტოს ღამით რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. დღეს კიევში გლოვის დღეა გამოცხადებული.