ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალური რაიონული სასამართლოს მოსამართლე ჟანეტ ვარგასმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის დაწესებული საიმიგრაციო ვიზების აკრძალვა გააუქმა.

მოსამართლემ დაადგინა, რომ აღნიშნული პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგება და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, იურიდიულ უფლებამოსილებას სცდება.

61-გვერდიან გადაწყვეტილებაში მოსამართლემ ასევე უარყო ადმინისტრაციის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, სამიზნე ქვეყნებიდან მიგრანტები საზოგადოებრივი შეღავათებით ისარგებლებდნენ და აშშ-ის მოქალაქეებისთვის ფინანსურ ტვირთად იქცეოდნენ.

ვარგასის გადაწყვეტილება აუქმებს იმ ვიზებზე უარსაც, რომლებიც მხოლოდ აღნიშნული პოლიტიკის საფუძველზე იყო გაცემული და რომელიც იანვარში შევიდა ძალაში. შესაბამისად, შესაძლოა, ათასობით ძველი სავიზო განაცხადის ხელახალი განხილვა გახდეს საჭირო.

საქმის მოსარჩელეებს შორის არიან აშშ-ის ექვსი მოქალაქე, რომლებიც აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გამო მათ ნათესავებს განაში, იამაიკაში, გვატემალასა და ეთიოპიაში აშშ-ში გამგზავრების ვიზების მიღებაზე უარი ეთქვათ.

მოსარჩელეებს შორის ასევე არიან კოლუმბიიდან ხუთი პროფესიონალი, მათ შორის ინჟინერი, არქიტექტორი და ენდოკრინოლოგი. მათი განცხადებით, მიიღეს შეტყობინებები, რომ სავიზო განაცხადები ტრამპის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკის საფუძველზე უარყვეს.

ტრამპის ადმინისტრაციას მოსამართლე ვარგასის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.

შეგახსენებთ, აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა 21 იანვრიდან 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა.