შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესება გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ქვეყნის წინააღმდეგ უკანონო „ეკონომიკური ომის“ გაგრძელება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ესმაილ ბაღაი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია კანონიერად აიძულოს უცხოური ბანკები, საწარმოები ან აეროპორტები, უარი თქვან მესამე სახელმწიფოსთან კანონიერ ვაჭრობაზე.
ბაღაის შეფასებით, ე.წ. მეორადი სანქციები საერთაშორისო სამართალს არ ეფუძნება და გაეროს წესდების 2(1) მუხლით გათვალისწინებულ სუვერენული თანასწორობის პრინციპს არღვევს.
„ეკონომიკური იძულება, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს იძულებას, შეცვალოს თავისი კანონიერი პოლიტიკური არჩევანი, წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე უკანონო ქმედებას“, – აცხადებს ბაღაი.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ საზღვაო ბლოკადა, მისი შეფასებით, სამხედრო აგრესიის ტოლფასია და მსგავსი ზომები სახელმწიფოთა სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.
ბაღაის თქმით, მსგავსი პოლიტიკის გაგრძელება საბოლოოდ სუვერენიტეტის, როგორც გაეროს სისტემაზე დაფუძნებული სახელმწიფოთაშორისი წესრიგის ფუნდამენტური საფუძვლის, „სრულ ეროზიას“ გამოიწვევს და „კლასიკური კოლონიალიზმისკენ დაბრუნების“ საფრთხეს შექმნის.