„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგობა გაუწიოს და მის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს.

„არ ამხელ ბიძინა ივანიშვილს, არ მოყვები მისი დანაშაულების შესახებ და მარტო შენი ისტორიებით გაერთობა ერი, ბოლომდე მასხარად გაგხდის და ფეხებს სახეზე შეგაწმინდავს“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ღარიბაშვილმა „სიმართლე უნდა თქვას“ და ხელისუფლების წინააღმდეგ წინააღმდეგობა გაუწიოს.

„ვის უფრთხილდები და რას ელოდები? შენს შვილებს გაუფრთხილდი და ის მაინც დაანახვე, რომ წინააღმდეგობას სწევ. ბოლობოლო, შური მაინც იძიე“, – წერს გვარამია.

მისივე განცხადებით, ღარიბაშვილმა, თუ ივანიშვილის დამარცხებას ვერ შეძლებს, მისი დასუსტება მაინც უნდა სცადოს.

„სიმართლე თქვი! თუ მხილების და სამართლიანობის სახელით არა, მტრის გასამწარებლად და დასასუსტებლად მაინც“, – აცხადებს გვარამია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს ახალი ბრალი წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლითაა წარდგენილი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.