პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო იქნება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ბავშვისთვის ფორმის ჩაცმაზე უარს იტყვის, საკითხი ინდივიდუალურად განიხილება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ყველა სკოლის შინაგანაწესში შესაბამისი ცვლილებები შევა.
„ფორმის ტარება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ეტაპობრივად, როცა ჩვენ მივაწვდით ამ ფორმებს, ფორმის ტარება იქნება სავალდებულო. ეს არის განპირობებული ამ შინაგანაწესით. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი უარს განაცხადებს, რომ შვილი მიიყვანოს ფორმით, ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული. პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, რა არის ამის მიზეზი“, – განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის განმარტებით, გამონაკლისი შესაძლებელი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში მშობელმა შესაბამისი სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც მოსწავლისთვის მისაღები ალტერნატიული დრესკოდი განისაზღვრება.
მისივე თქმით, თუ მშობლის უარი ფორმის ტარებაზე მიზანმიმართული იქნება და შესაბამისი მიზეზი არ იარსებებს, პირველ ეტაპზე მასთან განმარტებითი და აღმზრდელობითი მუშაობა ჩატარდება.
„თუ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ მე არ მინდა და არ ჩავაცმევ ჩემს შვილს ფორმას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, იწარმოებს აღმზრდელობითი კომპონენტი და მშობელთან იქნება არაერთგზის გასაუბრება ამ საკითხთან მიმართებით“, – განაცხადა მინისტრმა.
მიქანაძის თქმით, მიზანია, სასკოლო გარემოში ერთიანობა და სოციალური თანასწორობა იყოს უზრუნველყოფილი და საკითხი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დარეგულირდეს.
„ყველა შემთხვევას გავივლით ინდივიდუალურად, სკოლა მაქსიმალურად ითანამშრომლებს და იმუშავებს აღმზრდელობითი კუთხით მშობელთან, იმისთვის, რომ ეს საკითხი ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დარეგულირდეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.