თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა, მარიამ შათირიშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, საპროცესო შეთანხმებაზე პირველ ინსტანციაში იყო საუბარი, თუმცა მხარეებს პირობები ჯერ არ შეუთანხმებიათ.

„რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ამაზე პირველ ინსტანციაში იყო საუბარი, უბრალოდ პირობები არ არის შეთანხმებული და გადაწყვეტილებაც არ არის მიღებული“, – განაცხადა მარიამ შათირიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენის საქმეზე გამოძიებას ინფორმაცია ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ბურჭულაძემაც.

საქმე თავდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ რამდენიმე საიდუმლო შესყიდვას ეხება. ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდება წარუდგინა.