ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ გაფართოებული ეკონომიკური სანქციების წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიმართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ირანის ეკონომიკის მინისტრის, ალი მადანიზადეს განცხადებით, თეირანი აშშ-ის ახალი სანქციებისთვის მზად არის და საპასუხო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა აქვს.
„ჩვენ სრულად მზად ვართ აშშ-ის სანქციებისთვის. ბუნებრივია, მტრები აპირებენ ჩვენზე ეკონომიკური ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას, მაგრამ ჩვენც გვაქვს საკუთარი ინსტრუმენტები და ვიცით, როგორ ვითამაშოთ ეს თამაში. ჩვენი თავდაცვა აღარც ისეთი თავდაცვითია; მტრები თავდასხმას უნდა დაელოდონ“, – განაცხადა მინისტრმა.
მადანიზადეს თქმით, აშშ-ის ახალი ზომები ჩინეთისა და რუსეთისთვის მიუღებელია და, მისი პროგნოზით, სანქციებს სხვა ქვეყნებიც გაუწევენ წინააღმდეგობას.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ კავშირებს არ შეწყვეტენ.
მისივე თქმით, აშშ-მა გააფართოვა „ირანთან დაკავშირებული საქმიანობის“ ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც ვაშინგტონმა შესაძლოა მომავალში დამატებითი სანქციები დააწესოს. აშშ თითოეული ქვეყნისთვის კონკრეტული საბოლოო ვადის განსაზღვრას გეგმავს, რათა მათ თეირანთან ეკონომიკური კავშირები შეწყვიტონ.
ახალი სანქციები ისეთ სექტორებს მოიცავს, როგორიცაა ციფრული აქტივები, ტექნოლოგიები და საზღვაო გადაზიდვები.