საქართველოს პრემიერ-მინისტრის, განცხადებით, დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება.
პრემიერის განმარტებით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. რაც შეეხება თავად კომპენსაციის რაოდენობას, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარი იქნება განსაზღვრული. „პროცესების დასაჩქარებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელშიც ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან კომპენსაცია, ექნება უფლება, შეიტანოს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფულადი კომპენსაციის მიღების თაობაზე. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 ათასი ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაცია გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით“, – განაცხადა პრემიერმა.