სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რატომ თქვა უარი პენიტენციურ დაწესებულებაში ლაშა ბუღაძის რომანის „დამკვირვებლის“ შეტანაზე.

როგორც „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში გავრცელებულ პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, უწყების განმარტებით, რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის და ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ იძლევა.

„ლაშა ბუღაძის რომანის „დამკვირვებლის“ სათაური რომანის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის და არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებით, რის გამოც მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დაშვება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად“, – აღნიშნულია წერილში.

პენიტენციური სამსახურის განმარტებით, დაწესებულებაში ვერ შეიტანენ გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურას, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბრალდებულის ან მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

„გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა, რომელიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდადებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ვერ იქნება შეგზავნილი პენიტენციურ დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი ავტორი“, – ნათქვამია უწყების წერილში.

წერილს ხელს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნიკა აბრამიშვილი აწერს.

არსებული ინფორმაციით, ლაშა ბუღაძის რომანი „დამკვირვებელი“ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერისთვის უნდა შეეგზავნათ, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა რომანის დაწესებულებაში შეტანაზე უარი თქვა.