სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი.

ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, გამოძიების წინასწარი მონაცემებით, რობერტ ქოჩარიანმა დაახლოებულ პირებთან შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონება საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.

უწყების ინფორმაციით, ქონების რეალური მესაკუთრეებისა და მისი სავარაუდო უკანონო წარმომავლობის დასაფარად, ქონება დაკავშირებულ კომპანიებზე ფორმდებოდა, რის შემდეგაც მისი მესამე პირებზე გასხვისება და გაყიდვა ხდებოდა.

„სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 6 პირი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, მისი ვაჟი და დანაშაულებრივ სქემებში ჩართული სხვა პირები“, – ნათქვამია ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებაში.

დაკავებამდე სამართალდამცველებმა რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების მისამართებზე ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკა ჩატარდა მისი კიდევ ერთი ვაჟის, სომხეთის პარლამენტის წევრის, ლევონ ქოჩარიანის საცხოვრებელ სახლშიც.

მოგვიანებით საგამოძიებო ორგანოებმა რობერტ ქოჩარიანი ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.