ფონდი „ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „ყალბს“ უწოდებს.

ფონდის განცხადებით, 2018 წელს „სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში „ფონდმა ქართუმ“ ფიზიკური პირების 4 მილიარდ 104 მილიონ 429 ათას 484 ლარის მოცულობის პრობლემური ვალდებულებები გამოისყიდა.

„ქართუს“ ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 615 164 პირის 1 მილიონ 387 ათას 296 ლარის ოდენობის სესხი იქნა პატიებული. პროგრამა საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუტს შეეხო.

ფონდის განმარტებით, გამოსყიდული იყო ყველა ის სესხი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. კერძოდ, სესხის ძირი 2 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს და მოვალეს, ფიზიკურ პირს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სესხის პროცენტი არ უნდა ჰქონოდა გადახდილი.

„ქართუს“ ცნობით, სესხები მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებისგან გამოისყიდეს, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს.

ფონდი აცხადებს, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც პროგრამა შეეხოთ, საკუთარი სტატუსის გადამოწმება და შესაბამისი ცნობების მიღება საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფოში“ შეუძლიათ. ასევე, მოქალაქის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, „ფონდი ქართუ“ კონკრეტულ სესხთან დაკავშირებით შესაბამის ინფორმაციას გასცემს.

„ფონდი ქართუ“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აღნიშნული ვალდებულებები მხოლოდ მათი პატიების მიზნით გამოისყიდა და ფონდის მხრიდან სესხებზე რაიმე სახის მოთხოვნა გამორიცხულია.

ფონდის განმარტებით, თუ რომელიმე ფიზიკურ პირს დღეს საკრედიტო დაწესებულება 2018 წლის პროგრამასთან დაკავშირებული სესხის დაფარვას სთხოვს, ეს შესაძლოა შეცდომა იყოს ან კონკრეტული ვალდებულება პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა და შესაბამისად, 2018 წლის პროგრამაში არ მოხვდა.

„ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდებთ, არ აყვეს არაკეთილსინდისიერ პირთა მიერ ატეხილ აჟიოტაჟს და გადაამოწმოს თავისი ვალდებულებების სტატუსი შესაბამის სტრუქტურებში“, – აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.