2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, საბაკალავრო საფეხურზე 29 481 აბიტურიენტი ისწავლის. მათგან 17 862 სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა, ხოლო 11 619 – კერძო უნივერსიტეტებში.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება 3 141-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან 1 322 სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლის, 1 819 კი – კერძო პროფესიულ დაწესებულებებში.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე 1 528 გამოსაცდელი ჩაირიცხა. მათგან 1 495 სახელმწიფო, ხოლო 33 კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სწავლის უფლება მოიპოვეს.
სწავლის უფლების მოპოვების შესახებ ინფორმაციის სანახავად აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და პაროლი შესაბამის ველში.
ცენტრის ინფორმაციით, წელს, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, აბიტურიენტებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
ამასთან, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს იმ აბიტურიენტების სწავლას, რომლებმაც სწავლის უფლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოიპოვეს.