გერმანიის ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად აღმოჩენილ ასაფეთქებელ დრონს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს (GRU) მიერ გამოყენებული მოწყობილობებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა. ამის შესახებ ABC News-ს აშშ-ის დაზვერვის წყარომ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შეფასება აშშ-ისა და გერმანიის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო უწყებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გაკეთდა.

დრონი აეროპორტში 4 აგვისტოს აღმოაჩინეს. გერმანელი ოფიციალური პირების ცნობით, მოწყობილობა ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორით იყო აღჭურვილი, რის გამოც ლაიფციგის აეროპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა. ადგილზე ბომბების განეიტრალების სპეციალისტები მივიდნენ და დრონის გასაუვნებელყოფად სპეციალური რობოტი გამოიყენეს.

აშშ-ის დაზვერვის წყაროს განცხადებით, დრონი არ აფეთქდა, რადგან მისი გამშვები მექანიზმი გათიშული იყო.

გამოძიების ფარგლებში განიხილება ვერსია, რომ მოწყობილობის მიზანი აეროპორტში გაჩერებული თვითმფრინავების დაზიანება და, შესაბამისად, უკრაინისთვის ტვირთების მიწოდების შეფერხება იყო. ასევე, არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტი გერმანიისთვის უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით გაფრთხილების გაგზავნას ემსახურებოდა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ბრალდებები უარყო და გერმანელი პოლიტიკოსები და ევროპული მედია გააკრიტიკა. უწყების განცხადებით, მათ რუსეთს ბრალი გამოძიების საბოლოო შედეგების დალოდების გარეშე დასდეს.

ABC News-ის ცნობით, ლაიფციგის აეროპორტი ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატვირთო ჰაბია და მას აშშ-ის სამხედროები და ნატოს მოკავშირეები უკრაინაში იარაღისა და სხვა ტვირთების გადასაზიდად იყენებენ.