საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.