ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისი გადადგომა ეროვნული აუდიტის ოფისის მიერ თავდაცვის შესყიდვების, მათ შორის უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის პროცესის, კრიტიკას მოჰყვა.

პევკურის განცხადებით, ქვეყნის ლიდერს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის აღების ღირსება და გამბედაობა მაშინაც კი, როდესაც კონკრეტული პასუხისმგებლობა პირადად მას არ ეკისრება, თუ ეს ქვეყნის თავდაცვის უფრო ფართო მიზნებს ემსახურება.

„მე ამ პასუხისმგებლობას ავიღებ და პრემიერ-მინისტრს მოუწევს ახალი თავდაცვის მინისტრის პოვნა. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი არ ითვლის წინდებსა და საბრძოლო მასალას და არ აწარმოებს კონტრაქტებზე მოლაპარაკებებს, ეროვნული აუდიტის ოფისის კრიტიკა, ძირითადად თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის ინვესტიციების ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს ბადებს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სწორია დღესვე ავიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – დაწერა პევკურმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც მისი ინტერვიუს პარალელურად გავრცელდა.

ჰანო პევკური ესტონეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს 2022 წლიდან იკავებდა.

ესტონური მედიის ინფორმაციით, ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანამ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენა სცადა და ინდოელ მეწარმეებს, რომლებსაც მანამდე არც ერთი ჭურვი არ ჰქონდათ გაყიდული, წინასწარ 70 მილიონი ევრო გადაუხადა.

თავდაცვის ინვესტიციების ცენტრის (RKIK) ყოფილმა ხელმძღვანელმა, მაგნუს-ვალდემარ საარმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ხდებოდა.

მისივე ინფორმაციით, ჰანო პევკურის გარდა, საკითხის შესახებ პირველი კონტრაქტის მოლაპარაკებების პერიოდში ინფორმირებული იყო მაშინდელი მუდმივი მდივანი კუსტი სალმი, მოგვიანებით კი – მოქმედი მუდმივი მდივანი კაიმო კუუსკი.