უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ყოველთვიურად 8-12 ათას ადამიანს შეადგენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინის მხარის დანაკარგების რაოდენობა იზრდება და ის მნიშვნელოვნად აღემატება იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც მობილიზაციის შედეგად ან საავადმყოფოებიდან დაბრუნების შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უერთდებიან.

„მოწინააღმდეგის დანაკარგები ყოველთვიურად იზრდება. დანაკარგების რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც მობილიზაციის შედეგად ან საავადმყოფოებიდან დაბრუნების შემდეგ იღებენ. ყოველთვიურად დანაკარგი 8-12 ათას ადამიანს შეადგენს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დეზერტირების რაოდენობაზე და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში დიდი რაოდენობის სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.

„მოწინააღმდეგის მზადყოფნის დონე და მოტივაცია ძალიან დაბალია, დეზერტირების რაოდენობა კი ძალიან დიდია. ოფიციალურად, იქ დეზერტირობისთვის 300000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ვფიქრობ, რეალურად, მათი რაოდენობა, სულ მცირე, ნახევარი მილიონია“, – აღნიშნა პუტინმა.