ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ია სირანაშვილი, მის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც სირანაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში ის 13:00 საათზე გამოცხადდება.

„ყაზბეგის N42-ში, საგამოძიებო უწყებაში ვარ დაბარებული იმ მოძალადე პოლიციელების მიმართ ჩვენების მისაცემად და მოდის მთელი ადვოკატთა ასოციაცია“, – აცხადებს სირანაშვილი.

ამ დროისთვის თამაზ ელიზბარაშვილი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. მას სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საკითხის განხილვისთვის განსაზღვრული 72-საათიანი ვადა ხვალ ეწურება.

ელიზბარაშვილი დაკავების შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ბიზნესმენი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედებისთვის, კერძოდ, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. დაკავებამდე სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი გაჩხრიკეს.

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის განცხადებით, ჩხრეკის მიმდინარეობას ის მობილური ტელეფონით იღებდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა სახლიდან „გამოაგდეს და წიხლები ურტყეს“.

აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.