აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლიცენზიის საკითხზე, რომელიც უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების შესაძლებლობას მისცემს.

რუბიოს განცხადებით, ლიცენზიის მიღება უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების დაწყების შესაძლებლობას შექმნის, თუმცა ეს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემების საჭიროებებს მოკლევადიან პერიოდში ვერ დააკმაყოფილებს.

„ახლა ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის მყისიერი გადაწყვეტა. წარმოების გაზრდა, თუნდაც ლიცენზია გქონდეთ, არის ის, რისთვისაც ამ ქარხნების აშენებას რამდენიმე წელი სჭირდება. ეს არის მაღალტექნოლოგიური იარაღი. ახლა ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შესაძლოა, ეს განხორციელდეს, მაგრამ ნამდვილად არ გადაჭრის იმ მოკლევადიან გამოწვევას, რომელზეც ისინი მიუთითებენ“, – აღნიშნა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო ჩამჭრელ რაკეტებზე მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება, თუმცა არსებული რესურსების განაწილებისას შეერთებული შტატების საჭიროებები პრიორიტეტული იქნება.

„ეს პლანეტაზე ნომერ პირველი თავდაცვის საჭიროება გახდა, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის“, – აღნიშნა რუბიომ.