სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი წინააღმდეგი არ იქნება, თუ რუსეთი სომხეთიდან 102-ე სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს.

ფაშინიანის თქმით, აღნიშნულ სამხედრო ბაზას სომხეთისთვის „სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს“. ამასთან, მისი განცხადებით, თუ რუსეთს სამხედრო ბაზის სომხეთში დატოვება სურს, ერევანი ამ საკითხის განხილვისთვისაც მზად არის.

„ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, მაგრამ თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, ასევე, მზად ვართ ეს საკითხიც განვიხილოთ. თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ეს საკითხი დღის წესრიგში არასდროს დაგვიყენებია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანის განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიერ გაკეთებული კომენტარი. პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, სომხეთიდან სამხედრო ბაზა გაიყვანოს, თუკი ერევანი ჩათვლის, რომ მისი იქ ყოფნა აღარ არის საჭირო.

„თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ჩვენ ხვალვე გავალთ. მაგრამ, სომხეთი მზად არის ამისთვის? ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს”, – აღნიშნა პუტინმა.