რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ევროპას მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით არ მიმართავს.
ლავროვის თქმით, რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ძველი ურთიერთობების აღდგენისთვის ბოდიშების მოხდასა და სანქციების გაუქმების თხოვნას. ამის შესახებ მან აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ევროპამ გადაწყვიტა, რომ წინა წლებში ჩვენი თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ გავიქცევით და შევეხვეწებით: „კარგით, კარგით, გვაპატიეთ, დაივიწყეთ ის, რაც იყო, დავუბრუნდეთ ძველ ურთიერთობას, გააუქმეთ სანქციები“. ასეთი რამ არ იქნება. ეს საერთოდ არ არის ჩვენი ხალხის გენეტიკაში. ჩვენ გვაქვს საკუთარი ღირსება“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერის გამოც გააკრიტიკა. მისი მტკიცებით, დასავლეთს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულება კი არა, მისი გაყინვა და რუსეთის საზღვრებთან საფრთხის შენარჩუნება სურს.
„მათ არ სურთ კონფლიქტის, მოგვარება, მათ სურთ მისი გაყინვა, ჩვენს საზღვრებზე საფრთხის შენარჩუნება“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, ლავროვის თქმით, დასავლეთში განიხილავენ უკრაინის ტერიტორიაზე „სტაბილიზაციის ძალების“ განთავსების გეგმებს იმ შემთხვევაში, თუ ფრონტის ხაზზე საომარი მოქმედებები შეწყდება.
„მაგრამ ეს ერთ რამეს ნიშნავს: მათ სურთ შეინარჩუნონ ნაცისტური რეჟიმი, რომელმაც რუსული ენა ყველა სფეროში აკრძალა. მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყანა, სადაც ენა აკრძალულია. მითუმეტეს ენა, რომელიც გაეროს ოფიციალური ენაა“, – აღნიშნა ლავროვმა.