თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლო გრიგოლ ლილუაშვილის პირადი დაცვის წევრებს კითხავს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მათი ჩვენებები ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებას დაადასტურებს.
როგორც ლილუაშვილის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის წევრები ისაუბრებენ იმაზე, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში არასდროს ყოფილა, მათ შორის, 15-კილოგრამიანი ხელბარგით.
„სასამართლოს დღევანდელ პროცესზე გრიგოლ ლილუაშვილის პირადი დაცვის წევრები დაიკითხებიან, რომლებიც დაადასტურებენ იმ რეალობას, რაც იყო. მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი დაადასტურებენ იმას, რომ რომეო მიქაუტაძე არასდროს ყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის პირად კაბინეტში, მით უმეტეს 15 კილოიანი ხელბარგი”,- აცხადებს ლანა ცერცვაძე.
ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხება გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე. მისი თქმით, მეუღლის ჩვენება უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეეხება.
„მისი დაკითხვის მიზანია ის, რომ სასამართლოსთვის იყოს თვალნათელი, რომ უძრავი ქონება არ არის შეძენილი რაიმე ისეთი ფულადი თანხებით, რაც შესაძლოა ჰქონდეს ფიქრად და ვარაუდად ბრალდების მხარეს”,- აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლის შემდეგ, 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.