საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ საპატიმროდან გავრცელებული განცხადებები მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ღია პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილია, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გამოკითხვა მხოლოდ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტს ეხებოდა და სხვა საქმე ან გარემოება არ განხილულა.
„ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ ჩემ მიერ დასახელდა, როგორც ჩემი ინფორმირების ერთადერთი წყარო ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე. საკმაოდ უცნაური პროცედურა იყო. პირველივე კითხვიდან განვმარტე, რომ მე გავაკეთე პოლიტიკური განცხადება “ქართული ოცნების” ორ პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ კანიბალურ დაპირისპირებაზე, რომელიც “ქართული ოცნების” შიგნით მძიმე ვითარებას ასახავდა. არცერთ განცხადებაში არ მიხსენებია კონკრეტულად ეს საქმე, მაგრამ 45 წუთის განმავლობაში ყველა კითხვა ეხებოდა იმას, რამე ხომ არ ვიცოდი ამ თვითმკვლელობის საქმეზე, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე განვმარტე, რომ მე პოლიტიკური განცხადება გავაკეთე, რომელიც ეხებოდა პოლიტიკოსის, ახლა მსჯავრდებულის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ განცხადებას, სადაც მან გახსნა ღია პოლიტიკური ცეცხლი მოქმედი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ. მზად ვარ, ჩემი ყველა განცხადების შემდეგ მოვიდე და ამ არაჩვეულებრივ ფორმატში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ვილაპარაკო ამაზე. სინამდვილეში, ჩვენს თანამოქალაქეებს რომ ესმოდეთ, ეს არის მათი გადასახადის აბსოლუტური ფლანგვა, რომ საჯარო მოხელეები ამ სისულელით არიან დაკავებული”,-განაცხადა დათუნაშვილმა.
რაც შეეხება შესაძლო ვარაუდს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს სავარაუდო ცრუ ჩვენების მიცემისთვის შესაძლოა ახალი ბრალი წაუყენონ, დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონკრეტულ პროგნოზს ვერ გააკეთებს.
„როგორც ყველა განცხადებაში, აქაც ვაფასებ ღია ფაქტებს, რომელიც თვასაჩინოა როგორც თქვენთვის, ისე ჩემთვის. საქმე არის მარტივად – ეს არის პროპაგანდისტული ხმაური, რომელიც შექმნეს ამ საქმის გარშემო. მიზანი არის ღარიბაშვილის “გაშავება” და მთელი კონგლომერატის შექმნა, რომ თურმე ღარიბაშვილი, დათუნაშვილი, გვარამია ერთი და იმავეს ლაპარაკობენ, ეს არ გამოუვათ. ღარიბაშვილი არის კაცი, რომელმაც ძალიან ბევრი იცის “ქართული ოცნების” კულუარების შესახებ, მე არ ვიცი ამის შესახებ არაფერი, პროცესს პოლიტიკურად ვაფასებ”,-განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც დასვა კითხვა, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
ამის შემდეგ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და დაადასტურა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. უწყების ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე და გიორგი გიგაური.
მათი ნაწილი დიღმის სამმართველოში გამოიკითხა, ნაწილი კი საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.