უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებები, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური მდგომარეობა და ევროპული უსაფრთხოების მომავალი – ამ საკითხებზე რადიო „მაესტროს“ ეთერში ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ ისაუბრა.

მისი შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი რიტორიკა მნიშვნელოვანწილად ამერიკის შიდაპოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი ამ ეტაპზე არც უკრაინის დამარცხებისთვის არის მზად და არც მისი გამარჯვების უზრუნველსაყოფად დგამს საკმარის ნაბიჯებს.

ჯეჯელავას აზრით, კონფლიქტის დასრულებას ართულებს ის გარემოებაც, რომ მხარეებს ჯერ არ აქვთ შეთანხმებული ფორმულა, რომელიც ომის შეწყვეტის შესაძლებლობას შექმნიდა უკრაინის კაპიტულაციისა და რუსეთის სრული დამარცხების გარეშე.

– როგორ შეაფასებდით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბოლო დღეების განცხადებებს? განსაკუთრებით საინტერესოა დონალდ ტრამპის მოსაზრება, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები შესაძლოა ვოლოდიმირ ზელენსკის ნაცვლად სხვა პოლიტიკურმა ფიგურამ აწარმოოს. რამდენად სცდება ასეთი განცხადებები ჩვეულებრივი პოლიტიკური ზეწოლის ფარგლებს?

– დიდი ხანია ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ვოლოდიმირ ზელენსკი ყველაზე კომფორტული მომლაპარაკებელი არ არის. ზელენსკი არ გახლავთ ადამიანი, რომელიც ნებისმიერ მოთხოვნას უპირობოდ დაეთანხმება.

ტრამპი მიჩვეულია ურთიერთობების ისეთ მოდელს, როდესაც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს პარტნიორები გარკვეულწილად უნდა დაექვემდებარონ. ბუნებრივია, ეს ორ ლიდერს შორის ურთიერთობას ართულებს.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესებიც. ტრამპის განცხადებები მნიშვნელოვანწილად სწორედ შიდა აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი.

არ ვფიქრობ, რომ მისი საბოლოო მიზანი აუცილებლად უკრაინის კაპიტულაციაა. უფრო მეტად საქმე გვაქვს მცდელობასთან, ამერიკელ ამომრჩეველს აჩვენოს, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ომის დასრულება ვერ ხერხდება.

პრობლემა ის არის, რომ ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე ეს პოლიტიკური განცხადებებიდან ჩანს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ძველი საერთაშორისო წესრიგი იცვლება, ახალი კი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და უკრაინის ომიც ამ საერთო სურათის ნაწილია.

ამიტომ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ კონფლიქტის დასრულების მარტივი გამოსავალი უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

ჩემი შეფასებით, შეერთებული შტატები ამ ეტაპზე არც უკრაინის დამარცხებისთვის არის მზად, თუმცა არც უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად აქვს ჩამოყალიბებული შესაბამისი პოლიტიკა. სწორედ ეს არის დღევანდელი რეალობა.

არ ველოდები, რომ უახლოეს მომავალში რაიმე განსაკუთრებული გარდატეხა მოხდება. ვფიქრობ, ომი მომავალ წელსაც გაგრძელდება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამერიკის შიდა პოლიტიკაზე, ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება იმასაც, რამდენად ეყოფა უკრაინას ადამიანური და ფინანსური რესურსები წინააღმდეგობის გასაგრძელებლად.

– თქვენ ტრამპის განცხადებები ამერიკის შიდაპოლიტიკურ პროცესებს დაუკავშირეთ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არჩევნების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა უკრაინასთან მიმართებით რიტორიკა და პოლიტიკა რადიკალურად შეცვალოს?

– ბევრი რამ იქნება დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე.

შესაძლოა, ტრამპის განცხადებები და რაც მთავარია, მისი ქმედებები გაცილებით რაციონალური გახდეს. კონგრესისა და სენატის გადაწყვეტილებებს უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება და პრეზიდენტს მოქმედების ისეთი თავისუფლება აღარ ექნება, როგორიც დღეს აქვს.

ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გავლენა შესაძლოა გაძლიერდეს. შესაბამისად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებები უფრო მეტად დაექვემდებარება ინსტიტუციურ კონტროლს.

ეს გარემოება, ბუნებრივია, უკრაინის მიმართ ამერიკის პოლიტიკაზეც აისახება.

– უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორს კარგავს. რამდენად რეალურია, რომ უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატების სახით მთავარი სტრატეგიული პარტნიორი დაკარგოს?

– არ მგონია, რომ უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, საბოლოოდ დაკარგოს.

თუმცა უნდა ითქვას, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გარკვეულ ეტაპებზე გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ვაშინგტონის სტრატეგიულ ინტერესებთან სრულ თანხვედრაში არ ყოფილა.

ამერიკის პოლიტიკის შესაფასებლად მხოლოდ უკრაინის საკითხის განხილვა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, შეერთებული შტატების ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან და ის სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმებები, რომლებიც საერთაშორისო ძალთა ბალანსს განსაზღვრავს.

ყველაფერი ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული და, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ვაშინგტონისა და კიევის ურთიერთობაზეც.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლიდერებს შორის პიროვნული ურთიერთობები ყოველთვის არ ემთხვევა სახელმწიფოების გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს.

– ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება რუსეთის, ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების შესაძლო შეხვედრები. რამდენად რეალურია, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება თავად უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე სცადონ?

– ასეთი შეხვედრების განხილვისას მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ უკრაინის საკითხი და დიდი სახელმწიფოების ურთიერთობების უფრო ფართო დღის წესრიგი.

რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ის კვლავ რჩება საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ აქტორად და შეუძლია მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების წარმოება.

ამით მოსკოვი ცდილობს აჩვენოს, რომ საერთაშორისო დღის წესრიგის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

თუმცა მე არ ველოდები, რომ უახლოეს მომავალში ასეთი ფორმატის შეხვედრა აუცილებლად შედგება.

საყურადღებოა ტრამპის განცხადებაც, როდესაც მან რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან შესაძლო შეხვედრის კონტექსტში ბირთვული შეიარაღების საკითხებზე ისაუბრა.

ეს მიანიშნებს, რომ მისთვის რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ უკრაინის ომით არ შემოიფარგლება. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და ვაშინგტონისთვის მასთან სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე საუბარს დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს.

ამიტომ შესაძლო მოლაპარაკებების უკრაინის ომთან პირდაპირ დაკავშირება ყოველთვის სწორი არ იქნება.

– თქვენ ახსენეთ სიტყვა „კაპიტულაცია“. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის კაპიტულაცია არ სურს, როგორ უნდა გავიგოთ ზელენსკის მკვეთრი განცხადებები? ესეც შიდა აუდიტორიისთვის განკუთვნილი პოლიტიკური გზავნილებია?

– უკრაინის პრეზიდენტიც, ბუნებრივია, მუშაობს საკუთარი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ განწყობებზე.

მას მუდმივად უწევს საზოგადოებასთან საუბარი, ახსნა, რა ხდება, რატომ ვერ სრულდება ომი და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა არსებულ ვითარებაზე.

ამიტომ მისი განცხადებების გარკვეული ნაწილი შიდა აუდიტორიისთვისაც არის განკუთვნილი. ეს სრულიად ლოგიკურია.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჯარო განცხადებები ყოველთვის სრულად არ ასახავს იმ პროცესებს, რომლებიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საინტერესო იყო დიდი ბრიტანეთის პოზიციაც. ბრიტანეთი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა და უკრაინის საკითხზე მისი დამოკიდებულება მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს.

ამიტომ, როდესაც ტრამპსა და ზელენსკის შორის საჯარო განცხადებების გაცვლას ვაკვირდებით, უნდა გვესმოდეს, რომ რეალური დიპლომატიური პროცესები გაცილებით კომპლექსურია.

რაც შეეხება ომის დასრულებას, ვფიქრობ, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია.

– ორი კითხვა მინდა გავაერთიანო: რაზეა დამოკიდებული უკრაინის ომის დასრულება და თუ ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებს კიევზე ზეწოლას, პარალელურად კი მოსკოვის მიმართ პოლიტიკას შეარბილებს, შეიძლება თუ არა ეს გარდამტეხი აღმოჩნდეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სისტემისთვის?

– მთავარი წინააღმდეგობა ის არის, რომ დღეს არ არსებობს შეთანხმებული ფორმულა, რომელიც ომის დასრულების შესაძლებლობას შექმნის.

არ არსებობს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტა, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან და რომელიც უკრაინის კაპიტულაციას არ გამოიწვევს, ამავე დროს კი რუსეთისთვის სრულ დამარცხებას არ ნიშნავს.

ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის შედეგები რუსეთისთვის უკიდურესად დამანგრეველი არ აღმოჩნდეს, რადგან ამას შესაძლოა გაცილებით ფართო გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვეს.

ამიტომ ერთ-ერთ შესაძლო სცენარად კონფლიქტის გაყინვა განიხილება. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს შესაძლოა ყველაზე რეალისტური გამოსავალი აღმოჩნდეს, თუმცა ასეთი შეთანხმების მიღწევაც რთულია.

ამასთან, პოლიტიკაში ადამიანური ფაქტორის მნიშვნელობაც არ უნდა დავივიწყოთ. ლიდერების პიროვნული დამოკიდებულებები, პოლიტიკური ამბიციები და შიდა საზოგადოებრივი განწყობები ხშირად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე.

არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ხელისუფლება მარტივად დათანხმდება იმ პირობებს, რომლებსაც რუსეთი აყენებს. დღეს უკრაინაში ძალიან რთული იქნება ისეთი პოლიტიკური ლიდერის წარმოდგენა, რომელიც საზოგადოების წინაშე გამოვა და კაპიტულაციის პირობებზე თანხმობას განაცხადებს.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ომი შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.

რაც შეეხება ევროპას, მისი მთავარი სტრატეგია, სავარაუდოდ, უკრაინის გამძლეობის შენარჩუნებაზე იქნება ორიენტირებული.

ევროპული სახელმწიფოები გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო, ფინანსურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ წინააღმდეგობის გაგრძელება შეძლოს.

ამასთან, ევროპას მოუწევს საკუთარი უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაც, რადგან უკრაინის ომის შედეგები უშუალოდ განსაზღვრავს კონტინენტის მომავალ უსაფრთხოების არქიტექტურას.

ინტერვიუ მოამზადა: ლევან ჭითანავამ
რესპონდენტი: ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი