ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასეთ დონეზე დაეცა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მაჭავარიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა, რომელშიც ღარიბაშვილი უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საკითხზე საუბრობს.
„როგორც პირველი წერილი იყო აბსურდული, შემდეგი წერილებიც მსგავსი აბსურდით გაგრძელდა. როცა სპეკულაცია დაიწყეს ადამიანის სუიციდით, თვითმკვლელობით, ეს სხვა დონეზე დაცემა იყო და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. პროკურატურამ დაიბარა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც გამოესარჩლა ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, თითქოს ყველამ იცოდა ამ სუიციდის შესახებ, თითქოს სხვანაირად იყო მოვლენები განვითარებული. როდესაც მათ იგრძნეს, რომ ტყუილის გამო შეიძლება დაჰკისრებოდათ კონკრეტული პასუხისმგებლობა, აღმოჩნდა, რომ არავის არაფერი სცოდნია, მათ შორის, ღარიბაშვილის ადვოკატმაც დაადასტურა ის, რომ ღარიბაშვილსაც არანაირი დეტალი არ სცოდნია, ეს უბრალოდ რაღაცა ჭორაობა იყო, იმისთვის, რომ ხელოვნური მღელვარება გამოეწვია საზოგადოებაში. ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასეთ დონეზე დაეცა.
არავინ მიამიტი არაა, ვერ შეამჩნიოს, რომ ერთხმად საუბრობენ ღარიბაშვილი, გვარამია, ლომჯარია, დეკანოიძე. გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილის და აგენტურული ოპოზიციის ნარატივი ერთი – ერთში ჯდება“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც დასვა კითხვა, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და განაცხადა, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
ამის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. უწყების ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე და გიორგი გიგაური.