მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ენერგეტიკულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა აღმავალი დინამიკით ვითარდება“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების მიმართულებით პირველ ადგილზეა, ხოლო ქვანახშირისა და თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია.

„ჩინეთში რუსული დიზაინის რამდენიმე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა წარმატებით სრულდება“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ორი ქვეყანა ასევე ერთობლივად მუშაობს ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომლებიც ნახშირწყალბადების წარმოების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების ეფექტურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება.