შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დენის კულანინის მიმართ საქართველოდან გაძევების პროცედურასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 4 სექტემბერს დენის კულანინის საქართველოდან გაძევების შესახებ ბრძანება მიიღო.

შსს-ის ცნობით, კულანინს საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად 7-დღიანი ვადა განესაზღვრა, რა პერიოდშიც მას ქვეყნის დატოვება მისთვის სასურველი მიმართულებით შეუძლია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარეობდა ქვეყნიდან გაძევების პროცედურები რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დენის კულანინის მიმართ.

აღნიშნული კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დენის კულანინის საქართველოდან გაძევების თაობაზე. მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დენის კულანინის მიმართ მიღებულ იქნა ბრძანება საქართველოდან გაძევების თაობაზე.

ზემოაღნიშნული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირს დაუწესდა 7 – დღიანი ვადა საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობითი დატოვების მიზნით, მისთვის სასურველი მიმართულებით. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირი ნებაყოფლობით ვადაში არ დატოვებს ქვეყანას კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაძევების ბრძანება აღსრულდება იძულებით. სასამართლო ბრძანებით, პირს დაუწესდა ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 5 წლის ვადით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.