„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი „ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, სამოქალაქო სექტორისთვის თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს.

ორგანიზაციის ცნობით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რათა ე.წ. FARA-ს საქმეში მესამე მხარედ ჩართულიყო. კომისარმა ევროპულ სასამართლოს მესამე მხარის წერილობითი მოსაზრება წარუდგინა, რომელიც საია-ს განცხადებით, არა მხოლოდ ზემოაღნიშნული კანონის ანალიზს მოიცავს, არამედ დამატებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე საკანონმდებლო კონტექსტსაც განიხილავს.

საია-ს ცნობით, კომისარი მესამე მხარის მოსაზრებით აქამდეც ჩაერთო სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე ე.წ. რუსულ კანონის საქმეში.

„კომისარი მიიჩნევს, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების ნაწილს წარმოადგენს და უარყოფით გავლენას ახდენს მედია საშუალებებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე მუშაობენ. მისი შეფასებით, კანონის დებულებები ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციით დადგენილ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს (ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები), ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს (მე-14 მუხლი). ამასთანავე, კომისრის პოზიციით, კანონი შეიცავს ბუნდოვან ფორმულირებებს და “პოლიტიკურ საქმიანობას” ზედმეტად ფართოდ განმარტავს, რაც შლის ზღვარს ლეგიტიმურ საერთაშორისო თანამშრომლობასა და ფარულ უცხოურ ჩარევას შორის და ართულებს იმის გაგებას, თუ ვისზე ვრცელდება კანონი. კომისარი აღნიშნავს, რომ კანონი ქმნის ადმინისტრაციული კონტროლის რეჟიმს, რომელიც თავისი სიმკაცრით რუსულ “უცხოეთის აგენტების” კანონებს უთანაბრდება და წესების ნებისმიერი განზრახ დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გარდა ამისა, კომისარი აღნიშნავს, რომ ტერმინ „აგენტის“ გამოყენებას საზოგადოებრივ აღქმაში ნეგატიური შინაარსი აქვს და ამ კანონის მიღება სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაციას იწვევს. აღნიშნულს კიდევ უფრო აძლიერებს ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების “სახელმწიფოს მტრებად“ მოხსენიების კამპანია. კომისარი ასევე მიუთითებს, რომ კანონი მიზანმიმართულად ეხება კონკრეტულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რის გამოც ამგვარ განსხვავებული მოპყრობას გაუმართლებლად მიიჩნევს. ამ მიგნებებზე დაყრდნობით, კომისარი ვარაუდობს, რომ სასამართლომ შესაძლოა კანონის მიღება იმ ფართო შეზღუდვების ნაწილად მიიჩნიოს, რომელთა მიზანიც მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების დაშინება და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციაა.

კომისარი ამ კანონს იზოლირებულად არ განიხილავს და მას სხვა რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთობლიობაში აფასებს. კერძოდ, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიღებამდე დაახლოებით 6 თვით ადრე ძალაში შევიდა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” (“რუსული კანონი”). ზემოაღნიშნული კანონი უცხოეთიდან 20%-ზე მეტი დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისგან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს. კომისარი ხაზს უსვამს, რომ ორივე კანონი ერთდროულად მოქმედებს. ამასთანავე, კომისარი აღნიშნავს, რომ 2025 წლის 1 აპრილს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა 14 სხვადასხვა კანონში და გააუქმა სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამავე დღეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით „უცხოურ ძალებს“ აეკრძალათ აუდიო-ვიზუალური მაუწყებლების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება ან მათგან მომსახურების შესყიდვა, ხოლო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გაეზარდა უფლებამოსილება, გასცეს გაფრთხილებები, დააკისროს ჯარიმები და შეაჩეროს ან გააუქმოს ლიცენზიები.

კომისარი აღნიშნავს, რომ ცვლილებები ეტაპობრივად შევიდა „გრანტების შესახებ” კანონშიც: 2025 წლის 16 აპრილს შესული ცვლილებების მიხედვით, უცხოელ დონორებს გრანტის გასაცემად მთავრობის ნებართვა სჭირდებათ, ხოლო უნებართვო გრანტის მიღება იწვევს დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით; 2025 წლის 12 ივნისს გრანტის განმარტება გაფართოვდა და მოიცვა ტექნიკური დახმარებაც (ტექნოლოგიების, ცოდნისა თუ ექსპერტიზის გადაცემა); ხოლო 2026 წლის 4 მარტს გრანტის განმარტებაში შევიდა ნებისმიერი ფულადი თუ მატერიალური გადაცემა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელისუფლებაზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, ასევე ნებართვა საჭირო გახდა საზღვარგარეთ არსებული იმ იურიდიული პირებისთვის გრანტის მისაცემად, რომელთა საქმიანობაც საქართველოს ეხება. ამასთანავე, 2026 წლის 4 მარტის ცვლილებებით, სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის კოდექსებში დაწესდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კომერციული სუბიექტებისთვის “პოლიტიკური საქმიანობისთვის”, ხოლო ამავე ქმედების განმეორებისთვის – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. “გრანტების შესახებ” კანონის დარღვევისთვის დაწესდა სისხლისსამართლებრივი სასჯელი პატიმრობა 6 წლამდე, ხოლო „პოლიტიკური საქმიანობის” მიზნით ფულის გათეთრებისთვის კი, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

კომისარი აღნიშნავს, რომ პარალელურად, ცვლილებები შეეხო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონსაც, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება აეკრძალათ იმ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროებიდან მოდის, სამუშაო კონტრაქტის შეწყვეტიდან 8 წლის განმავლობაში. 2025 წლის 26 ივნისს მიღებული ცვლილებებით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში შეიცვალა ცილისწამების განმარტება და მტკიცების ტვირთი მოსარჩელიდან გადავიდა მოპასუხეზე, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს თვითცენზურას. ამასთანავე, გამართული პროტესტებთან დაკავშირებით პარლამენტმა მოკლე ვადებში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სახალხო დამცველთან კონსულტაციების გარეშე, მიიღო რამდენიმე კანონი, რომლებმაც მკაცრად შეზღუდეს შეკრების თავისუფლება.

შესაბამისად, კომისარი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და ფუნქციონირების ეფექტიანი ხელშეწყობა. მათი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები დაცული უნდა იყოს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს მხარდაჭერისა და შენარჩუნების ვალდებულება, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ საქმიანობა, უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ დადასტურდა 2023 წლის მაისის რეიკიავიკის დეკლარაციაშიც. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ამიტომ კომისარი მოუწოდებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორისთვის თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო“, – ვკითხულობთ საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.