საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გელა გელაძე თანამდებობას ტოვებს. მისი განცხადებით, პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ, საქმიანობას სხვა სახელმწიფო უწყებაში გააგრძელებს.

გელაძემ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა მისთვის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იყო.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.

მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.

დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას“, – განაცხადა გელა გელაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გელა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით, მიმდინარე წლის 28 აპრილს დაამტკიცა.

გელა გელაძის წინამორბედი მამუკა მდინარაძე იყო, რომელმაც სუს-ის ხელმძღვანელის პოსტი ასევე ვადაზე ადრე დატოვა. პარლამენტმა მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს აირჩია, თუმცა მან სამსახური 2026 წლის აპრილში დატოვა.

მანამდე, სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მუშაობდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილიც. იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და 2025 წლის აგვისტოში თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.