უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლესი რადას დეპუტატებს მოუწოდებს, გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი.

„ამ გენერალურ პროკურორს მხოლოდ ერთი გზა აქვს: თანამდებობიდან გათავისუფლება. მას სწორედ ეს ვუთხარი. უკრაინამ ყველა მიზეზი იხილა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, თუ რუსლან კრავჩენკო პრეზიდენტის მოთხოვნას „პოლიტიკურ ზეწოლად“ მიიჩნევს, მას ამის ასე შეფასება შეუძლია.

თავად კრავჩენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.

„ამჟამად საზღვარგარეთ მივლინებაში ვიმყოფები, რომლის ფარგლებში მთელი რიგი შეხვედრებია დაგეგმილი. ვგეგმავ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ანტიკორუფციული ორგანოების სისტემაში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდო“, – წერს კრავჩენკო „ტელეგრამის“ არხზე.

ცნობისთვის, მანამდე რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის, სემიონ კრივონოსის წინააღმდეგ ბრალდების წაყენების შესახებ. კრავჩენკო კრივონოსს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული სპეციალური ოპერაცია „კართაგენის“ ფარგლებში NABU-ს ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მასალების უკანონოდ ამოღებაში ადანაშაულებს.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გენერალური პროკურატურის ოფისში კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად სპეციალური ოპერაცია „კართაგენი“ 4 სექტემბერს ჩაატარეს. გამოძიება გენერალური პროკურატურის თანამდებობის პირის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის მიერ თაღლითური სატელეფონო ცენტრების ქსელისა და აქტივების გათეთრების შესაძლო მფარველობას ეხებოდა.

რუსლან კრავჩენკომ 8 სექტემბერს უკრაინის უმაღლეს რადას გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა.