როგორც დავპირდით მოსახლეობას, ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებული იქნება – დაგეგმილია ასევე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, რომელიც გვინდა მომავალ წელს დავიწყოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლდება და წესრიგდება საფეხმავლო ტროტუარები. „როგორც დავპირდით მოსახლეობას, ნოემბრის ბოლოს პროექტი დასრულებული იქნება. მასშტაბური სამუშაოებია გარკვეული პრობლემები შეიქმნა აღნიშნული რეაბილიტაციის დროს გადაადგილების თვალსაზრისით. გვესმი, რამდენად რთულია. ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული შეზღუდვების და დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია. ბოდიში, დედაქალაქის მოსახლეობას. გარწმუნებთ, როდესაც პროექტი დასრულდება, გამზირი იქნება ერთ-ერთი ულამაზესი, ყველანაირად მოწესრიგებული, განახლებული. დაგეგმილია ასევე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, რომელიც გვინდა მომავალ წელს დავიწყოთ, როდესაც ეს სამუშაოები მთლიანად იქნება დასრულებული, გამზირი მოწესრიგებული იქნება“, – აღნიშნა კალაძემ.