უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) დირექტორის, სემიონ კრივონოსის წინააღმდეგ ბრალდებას ხელი მოაწერა.

კრივონოსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო სარგებლის მიღების მიზნით ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება ედება ბრალად.

კრავჩენკოს განცხადებით, ე.წ. ოპერაცია „კართაგენის“ მიზანი მხოლოდ მის წინააღმდეგ მოქმედება არ ყოფილა. მისი თქმით, ოპერაციის ფარგლებში ცდილობდნენ, მოეპოვებინათ წვდომა NABU-სა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მასალებზე.

„ე.წ. ოპერაცია „კართაგენი“ მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ არ იყო მიმართული. მისი ნამდვილი მიზანი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მასალებზე წვდომის მოპოვება იყო. ხოლო, ამის შემდეგ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ჩამოშორება და ამ საქმეებზე საპროცესო გადაწყვეტილებების შეჩერება“, – განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

რუსლან კრავჩენკომ სემიონ კრივონოსსა და უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელს, ალექსანდრ კლიმენკოს, თანამდებობებიდან გადადგომისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, კრავჩენკომ გასულ კვირას გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა მისი გათავისუფლება ოფიციალურად ჯერ არ მომხდარა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ NABU-მ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გენერალური პროკურატურის ოფისში კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად სპეციალური ოპერაცია „კართაგენი“ ჩაატარეს.

გამოძიება გენერალური პროკურატურის თანამდებობის პირის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის შესაძლო მონაწილეობას ეხებოდა თაღლითური სატელეფონო ცენტრების ქსელისა და აქტივების გათეთრების მფარველობაში.

გამოძიების ფარგლებში დააკავეს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სერგეი კროპივა, რომელიც თაღლითური სატელეფონო ცენტრების მფარველობაშია ეჭვმიტანილი.

კრავჩენკოს განცხადებით, დეტექტივებმა 2026 წლის 4 მარტს კროპივასა და გენერალურ პროკურორს შორის საუბარი დააფიქსირეს, საიდანაც, მისი თქმით, ირკვევა, რომ კროპივა „გენერალური პროკურორის მფარველობის ქვეშ იმყოფება“. პროკურორის განმარტებით, სწორედ ამით აიხსნება, რატომ ჰქონდა მას „ფართო უფლებამოსილებები“.

თავად კრავჩენკო გენერალური პროკურატურის მხრიდან უკანონო ქოლ-ცენტრების მფარველობასთან რაიმე კავშირს უარყოფს.