წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი მმართველ მემარჯვენე ძალებს მცირე უპირატესობით უსწრებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ხმების 94%-ის დათვლის შედეგად, მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი 176 მანდატის მოპოვებას შეძლებს, მემარჯვენე ბლოკი კი – 173-ის. შვედეთის 349-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობისთვის 175 მანდატია საჭირო.
ოპოზიციურ გაერთიანებაში „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „მემარცხენე პარტია“, „მწვანეთა პარტია“ და „ცენტრისტული პარტია“ შედიან. მმართველ მემარჯვენე ბლოკს „ზომიერი პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „ლიბერალები“ და „შვედეთის დემოკრატები“ წარმოადგენენ.
პარტიულ რეიტინგებში პირველ ადგილს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ იკავებს, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 28.1% მიიღო. მეორე ადგილზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის „ზომიერი პარტიაა“ 19.9%-ით.
მესამე პოზიციაზე „შვედეთის დემოკრატები“ 17.6%-ით არიან, მეოთხეზე კი „მემარცხენე პარტია“ – 8.2%-ით.
შვედეთის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 16-17 სექტემბერს გახდება ცნობილი.