ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ვადის შვიდი დღით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ევროკავშირის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობის წარმომადგენლის განცხადებით, სანქციების მოქმედების ვადა 22 სექტემბრამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც წევრმა ქვეყნებმა სანქციების რეჟიმის კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სანქციების მოქმედების ვადა, რომელიც დაახლოებით 3 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს და მათი აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს, 15 სექტემბერს იწურებოდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ექვსი თვით გახანგრძლივებას რუსი ოლიგარქების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის, სანქციების სიაში დარჩენის საკითხი აფერხებს. სლოვაკეთი ორივე მათგანის სიიდან ამოღებას ითხოვს, საფრანგეთი კი კომპრომისის სახით მხოლოდ უსმანოვის სანქციებიდან მოხსნის წინადადებით გამოვიდა.

ფრანგი დიპლომატიური წყაროს განცხადებით, უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღების მოთხოვნა საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს უკავშირდება.

„ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების კონკრეტული საკითხის წინაშე ვართ და გვსურს დადებითად ვუპასუხოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ბატონ უსმანოვთან დაკავშირებით მოგვმართეს“, – განაცხადა ფრანგმა დიპლომატიურმა წყარომ.

EUobserver-ის ინფორმაციით, ფრანგი დიპლომატის მიერ ნახსენებ საერთაშორისო პარტნიორებში შესაძლოა თურქეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი იგულისხმებოდნენ, რადგან ამ ქვეყნებს წარსულში უსმანოვისთვის სანქციების მოხსნის საკითხზე მხარდაჭერა ჰქონდათ გამოხატული.

Financial Times-ის ცნობით კი, საფრანგეთს უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღება სურს, რათა აზერბაიჯანთან ბაქოში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს.