ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შესული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„დრონი, რომელიც ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შევიდა, ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ჩამოაგდეს. მადლობას ვუხდი მოკავშირეების პერსონალს ოპერატიული რეაგირებისთვის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერების ფონზე, მსგავსი მზადყოფნა რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს ნაუსედა.
ლიეტუვის კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ვილმანტას ვიტკაუსკასის განცხადებით, დრონი ლიეტუვის ტერიტორიაზე ბელარუსიდან შევიდა.
მისი ინფორმაციით, დრონი თავდაპირველად ტრაკაის რაიონში, ლენტვარისში აღმოჩნდა, რის შემდეგაც დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ვიტკაუსკასის თქმით, ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა დრონი ქალაქ კაუნასთან ჩამოაგდეს.
„დიახ, ბელარუსიდან. შემდეგ ლენტვარისში, ტრაკაის რაიონში შეფრინა. იქიდან კი ობიექტი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა“, – განაცხადა ვიტკაუსკასმა.