ბოლო კვირების განმავლობაში რუსები მოლდოვაში მის საპრეზიდენტო თვითმფრინავს ორჯერ უმიზნებდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მოლდოვაში იყო ჩემი საპრეზიდენტო თვითმფრინავი და ამიტომ დაესხნენ თავს მოლდოვას. როდესაც სახლში ვბრუნდებოდით, ისევ კიშინიოვის გავლით, იგივე გააკეთეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნორვეგიიდან უკრაინაში დაბრუნების დროს მოლდოვის საჰაერო სივრცეში ერთი ან ორი დრონი შევიდა. მისი განმარტებით, აღნიშნული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მანამდე არ გავრცელებულა.
ზელენსკიმ მომხდარი რუსეთის მხრიდან მისი და სხვა უცხოელი მაღალჩინოსნების დაშინების სტრატეგიის ნაწილად შეაფასა. CBS News-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი მოლდოვიდან ნორვეგიის მიმართულებით ფრენისას დრონთან დაკავშირებული ინციდენტის დროს საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
ზელენსკიმ ინტერვიუში ასევე ისაუბრა 13 სექტემბერს უკრაინისა და პოლონეთის საზღვართან სამგზავრო მატარებელზე განხორციელებულ დრონით დარტყმაზე. მისი თქმით, იმ პერიოდში სხვა მატარებელში, რომელიც იაგოდინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, CIA-ის ყოფილი დირექტორი დევიდ პეტრეუსი და ევროპელი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.
„შეიძლება მათ არ იცოდნენ, რომ ზოგიერთი ამერიკელი იყო იქ ან, შესაძლოა, პირიქით, იცოდნენ, რადგან მე მათ არ ვენდობი. ვფიქრობ, რომ მათ იცოდნენ. ევროპელები, ამერიკელები – დიდი დელეგაცია იყო ამ მატარებელში და ისინი თავს დაესხნენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.