გაერთიანებული სამეფო დეზინფორმაციასთან, მათ შორის რუსეთიდან მომდინარე საინფორმაციო კამპანიებთან, ბრძოლის მიზნით ახალ ეროვნულ ცენტრს შექმნის. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბერნემის თქმით, რუსული უწყებები დეზინფორმაციის გასავრცელებლად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, მათ შორის ბოტებსა და ყალბ ვებგვერდებს. მისი განცხადებით, ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების საინფორმაციო სივრცეზე მტრულად განწყობილი ძალების მხრიდან მასშტაბური ზეწოლა ბოლო წლებში გაიზარდა.
პრემიერის განცხადებით, რუსული სტრუქტურები ასევე ავრცელებდნენ გაყალბებულ საგაზეთო სტატიებს, იყენებდნენ ბრიტანული ორგანიზაციების, მათ შორის უნივერსიტეტებისა და BBC-ის, სიმბოლოების გაყალბებულ ვერსიებს და, მისი თქმით, ცდილობდნენ საზოგადოებაში გარკვეული პოლიტიკური ნარატივების გაძლიერებას.
ბერნემის ინფორმაციით, კრემლი ინფორმაციის მანიპულირებაზე ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მილიარდ ფუნტს ხარჯავს. მისივე შეფასებით, დეზინფორმაციული კამპანიები საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებასა და სასოწარკვეთის დათესვას ისახავს მიზნად.
ბრიტანეთის პრემიერი ასევე შეეხო კიბერშეტევებს და ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. მისი თქმით, AI-ის შესაძლებლობების გაფართოებამ შესაძლოა არსებული საფრთხეები კიდევ უფრო გააძლიეროს.
ბერნემის განცხადებით, ახალი ინფორმაციული თავდაცვის ეროვნული ცენტრი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანიების გამოვლენასა და მათ წინააღმდეგ მოქმედებაზე იმუშავებს.
მისივე ინფორმაციით, ცენტრი ითანამშრომლებს სადაზვერვო უწყებებთან, სამთავრობო დეპარტამენტებთან, სამართალდამცავ სტრუქტურებთან და სოციალურ მედიასთან, რათა „ინფორმაციული ომის“ წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება გააერთიანონ.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ბერნემმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას საკუთარი ცისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაში დაეხმარება და გააგრძელებს ძალისხმევას, რათა რუსეთს ომის გაგრძელებისთვის ფასი გაეზარდოს. ბერნემის განცხადებით, ლონდონი ასევე მხარს დაუჭერს უკრაინას იმ თბო- და ელექტროსადგურების აღდგენასა და დაცვაში, რომლებზეც ქვეყანა ზამთრის პერიოდშია დამოკიდებული.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით, რუსეთს შეუძლია ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს.
„რუსეთს შეუძლია, ხვალვე სხვა გზა აირჩიოს: დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. მოვუწოდებ მათ, ასეც მოიქცნენ. თუმცა, ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით – უფრო მტკიცედ, ვიდრე ოდესმე, და იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ბერნემმა.
მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა დაკავშირებულია გაეროს წესდებისა და კანონის უზენაესობის დაცვასთან.