დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული, პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძისა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის რამაზ ფირცხალავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
სასამართლო პროცესის ჩატარების დრო, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ, უცნობია.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ამავე საქმეზე უკვე შეეფარდათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.
ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება .რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.