საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდება. დაგეგმილია როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ლუქსემბურგში დელეგაციის წევრები იმყოფებიან. მათ შორის არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
პაპუაშვილი ლუქსემბურგში ბელგიიდან გაემგზავრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით გუშინ იმყოფებოდა.